საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ლეიდენის უნივერსიტეტის პროფ. ლარისა ვან დენ ჰერიკის საჯარო ლექცია კლევერინგას პატივსაცემად თემაზე: „საერთაშორისო სისხლის სამართლის მართლმსაჯულების საფუძვლების განმტკიცება: ICC-ის გარშემო არსებული გამოწვევები“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) იურიდიული ფაკულტეტის, ლეიდენის უნივერსიტეტისა და ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს თანამშრომლობით, 2024 წლის 26 ნოემბერს, 17:00 საათზე, თსუ-ს I კორპუსის 107-ე აუდიტორიაში გაიმართება პროფესორ ლარისა ვან დენ ჰერიკის საჯარო ლექცია თემაზე: „საერთაშორისო სისხლის სამართლის მართლმსაჯულების საფუძვლების განმტკიცება: ICC-ის გარშემო არსებული გამოწვევები“.

 

საჯარო ლექცია ტარდება ლეიდენის უნივერსიტეტის პროფესორის რუდოლფ კლევერინგას პატივსაცემად. როგორც იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა კლევერინგამ 1940 წლის 26 ნოემბერს საჯარო გამოსვლაში გააპროტესტა ნაცისტური ოკუპანტი ძალების მიერ ებრაელი კოლეგების და განსაკუთრებით მისი კოლეგის, მაიერსის სამსახურიდან გათავისუფლება. ამის გამო ის მალევე დააკავეს. მისმა გამოსვლამ სტუდენტების გაფიცვა გამოიწვია. უნივერსიტეტი ნაცისტებმა დახურეს და მთელი ომის განმავლობაში დახურული დარჩა. ამ მოვლენასთან დაკავშირებით, პროფესორ კლევერინგას პატივსაცემად, ყოველწლიურად, ლეიდენის უნივერსიტეტის ფონდი მართავს „კლევერინგას ლექციებს“ მსოფლიოს მრავალ ადგილას.

 

2024 წელს, საქართველოში კლევერინგას საჯარო ლექცია მიეძღვნება საერთაშორისო სისხლის სამართალს. ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა გთხოვთ, 24 ნოემბრის ჩათვლით შეავსოთ შემდეგი სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/TNjFQjbnSkMKN4GZ8

 

აღსანიშნავია, რომ თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტზე 2023 წელსაც გაიმართა კლევერინგას ლექცია ლეიდენის უნივერსიტეტისა და ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს თანამშრომლობით. გასულ წელს ლექცია მიეძღვნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხების, კერძოდ, ევროკავშირის მონაცემთა დაცვის რეგულაციისა (GDPR) და პრაქტიკაში მისი რეალიზების პერსპექტივების განხილვას.

 

მომხსენებლის შესახებ:

ლარისა ვან დენ ჰერიკი არის პროფესორი საერთაშორისო საჯარო სამართლის მიმართულებით ლეიდენის უნივერსიტეტის გროტიუსის საერთაშორისო სამართლებრივი კვლევების ცენტრში. იგი ასევე არის მოსამართლე ჰააგის რაიონულ სასამართლოში, საერთაშორისო დანაშაულების განყოფილებაში. პროფ. ჰერიკი არის „კემბრიჯის კვლევების საერთაშორისო და შედარებითი სამართლის“ მთავარი რედაქტორი. მისი უახლესი წიგნია - „გაეროს უშიშროების საბჭო და მშვიდობის შენარჩუნება ცვალებად სამყაროში“ C. Cai-სა და T. Maluwa-ს თანაავტორობით, გამოცემული 2024 წელს.

თარიღი: 18/11/2024